საქსტატი: წლიური ინფლაცია ივნისში 10%-მდე შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Jul.'11 / 15:51

”საქსტატის” მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაცია ივნისში, მაისში არსებული 14.3%-დან 10%-მდე შემცირდა, რისი მიზეზიც ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ზოგ კატეგორიაზე ფასების კლება გახდა.

ივნისში, მაისთან შედარებით, სურსათზე ფასები 8.9%-ით შემცირდა; თუმცა წინა წლის ივნისთან შედარებით სურსათზე ინფლაცია 22.2%-ია (მაისში ეს მაჩვენებელი 30.7% იყო).

”საქსტატის” თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები ”მნიშვნელოვნად შემცირდა” ხილზე (28.6%); ბოსტნეულზე (26.2%); შაქარსა და ტკბილეულობაზე (5.7%).

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის უფრო დეტალური ინფორმაცია ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ცვლასთან დაკავშირებით სურსათის სხვა კატეგორიებზე, მათ შორის ხორცზე, რომლის ფასიც ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ”საქსტატის” თანახმად, ივნისში ხორცზე ფასი, შარშანდელ ანალოგიურ თვესთან შედარებით 26.4%-ით გაიზარდა; ხილზე – 34.3%–ით;  ზეთზე და ცხიმზე – 29.2%–ით; რძის, ყველის და კვერცხის ჯგუფზე – 26.2%–ით;  პურსა და პურპროდუქტებზე – 23%–ით.

"საქსტატის“ ინფორმაციით, ივნისში საწვავის ფასები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 21%–ით გაიზარდა; ხოლო საკომუნიკაციო მომსახურებების სფეროში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 13.1%–იანი კლება დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მეოთხე თვეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 22 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად, 8%–ზე დატოვა. ბანკმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია 8%–მდე შემცირდება.

ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები (ინფლაცია სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) "კვლავ დაბალია“. "შედეგად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის რისკები მცირეა“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

Civil.Ge © 2001-2017