2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16%–ით შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Mar.'11 / 11:53

"საქსტატის“ მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, 16%–ით შემცირდა და 553.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ
პიკს 2.01 მლრდ აშშ დოლარით 2007 წელს მიაღწია, თუმცა 
მომდევნო წლებში იკლო.

2010 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 38%–ით შემცირდა და 120 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წელს ყველაზე მეტი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა - 143.2 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 108.4 მლნ აშშ დოლარი.

მესამე ადგილზეა რუსეთი 51.3 მლნ აშშ დოლარით და მას მოსდევს აზერბაიჯანი – 46.6 მლნ დოლარით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 39.9 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი – 37.5 მილიონი აშშ დოლარით. 

2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი, 193.9 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 35%) ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორმა მიიზიდა; შემდეგ მოდის მრეწველობის სფერო – 90.8 მილიონი აშშ დოლარი (16%); ფინანსური სექტორი – 89.5 მილიონი აშშ დოლარი (16%); უძრავი ქონება – 84.4 მლნ აშშ დოლარი (15%);  ენერგოსექტორი – 20.9 მლნ აშშ დოლარი (3.8%) და სოფლის მეურნეობა – 10.6 მლნ აშშ დოლარი (1.9%).


 

Civil.Ge © 2001-2017