მთავრობა 30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერის დარიგებას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'11 / 13:11

მთავრობამ 10 მარტს 30–ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგება დაიწყო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 მილიონი ოჯახი მიიღებს.

თებერვალში მთავრობამ 20 მილიონი ლარი დახარჯა თითოეული ოჯახისთვის ელექტროენერგიის 20–ლარიანი ვაუჩერის გადასაცემად.

ორივე "ზომიერი დახმარება“, როგორც მას ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ, მოსახლეობისთვის ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

ე.წ. „სასურსათო ვაუჩერებს“ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო არიგებს და მოქალაქეები მათი განაღდებას 1 ივლისამდე ლიბერთი ბანკში შეძლებენ.

ოპონენტები აცხადებენ, რომ ორივე დახმარების პროგრამა, რომლის საერთო ღირებულებაც 50 მილიონ ლარს შეადგენს, გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ გაზრდის ინფლაციურ წნეხს.

წლიურმა ინფლაციამ იანვარში 12.3% შეადგინა. "საქსტატმა" თებერვლის ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნება, რაც 4 მარტს იგეგმებოდა, დააგვიანა და ამის მიზეზად "ტექნიკური პრობლემები“ დაასახელა, რაც ორგანიზაციის ერთი შენობიდან მეორეში გადასვლას უკავშირდება.

 

 

Civil.Ge © 2001-2017