მთავრობა მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'11 / 19:12

1 სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარამდე გაიზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრაზე.

ამჟამად მინიმალური პენსია 80 ლარს შეადგენს, რასაც 2–დან 10 ლარამდე თანხა ემატება სტაჟის მიხედვით. მხოლოდ დედაქალაქის მაცხოვრებლები იღებენ 10 ლარით მეტ მინიმალურ პენსიას 2010 წლის მარტიდან, ადგილობრივი არჩევნების წინ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად.

პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წელს დაპირდა მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდაც. ამ საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობის გამო ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას.  

"იმედია მომავალი წლის პირველი ნახევრიდან საქართველოში მივუახლოვდეთ ამ საპენსიო პაკეტს – 100 დოლარს და ყოველ შემთხვევაში, ძირითადი კატეგორიის პენსიონერთათვის და ვიმოძრავებთ იქითკენ, რომ ყველასთვის, ეს იყოს აბსოლუტურად გარანტირებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას უნდა სერიოზული საპენსიო რეფორმა, სერიოზული გადაჯგუფება,“– განაცხადა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2017