საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა მუშაობა განაახლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Feb.'11 / 17:08

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა 9 თებერვალს მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს ამ ფორმატში შეხვედრები დროებით შეწყვიტა.

მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე იგეგმება იმ წინადებების განხილვა, რომლებიც ოპოზიციურმა პარტიებმა  ჯგუფის ფარგლებში ნოემბერ–დეკემბერში წარადგინეს, მათ შორის პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან, საარჩევნო სიებთან, ადმინისტრაციების დაკომპლექტებასთან, დაფინანსებასთან, დავების განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"იმედი გვაქვს, რომ ახლა მოვუსმენთ ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს პასუხს და გვეტყვის საკუთარ ალტერნატივებს,“– განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ვეფხვაძემ, დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან. 
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, გაიმართება დისკუსიები "ყველა იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე იყო წარმოდგენილი“.

“საბოლოო ეტაპზე გავალთ კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მანამდე 5–6 შეხვედრა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ეს პოზიციები დავაახლოოთ ერთმანეთს,“– განაცხადა კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ მიმართა მედია–საშუალებებს, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, რათა შექმნას „კონკრეტული პროექტი, რომელიც აღნიშნული მოლაპარაკებების თემების განხილვის საშუალებას მოგცემს“, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭირვალობას და ინფორმირებულობის გაზრდას.

ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ერთობლივი წინადადებების ავტორმა რვა პარტიამ, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყეს. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა ყოველკვირეულად იმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ბაზაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით.

Civil.Ge © 2001-2018