პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 196.9 მლნ დოლარი შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Sep.'10 / 13:38

"საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის მეორე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%–ით გაიზარდა და 196.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,

ჯამში, 2010 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების ოდენობამ, წინასწარი მონაცემებით, 272.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.38%–ით ნაკლებია.

2010 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა - 77 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 42 მლნ აშშ დოლარით; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, რომელიც ოფშორული ზონაა  – 32 მლნ აშშ დოლარი და იაპონია – 18 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების უდიდესი წილი, 53%, 2010 წლის მეორე კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებმა მიიზიდეს - 104.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით; შემდეგ მოდის სამრეწველო სექტორი – 42 მლნ აშშ დოლარით (21%) და უძრავი ქონება – 33.2 მლნ აშშ დოლარით (17%).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 75.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 658.4 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე 57.8%–ით ნაკლები იყო.

Civil.Ge © 2001-2017