მთავრობამ უმაღლესი სასწავლებლების დღგ–თი დაბეგვრა გადაიფიქრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jun.'10 / 20:20

მთავრობამ შეცვალა თავისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) აღარ დაიბეგრებიან, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 28 ივნისს.

ინიციატივა უმაღლესი სასწავლებლების დღგ–თი დაბეგვრის თაობაზე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით იყო გათვალისწინებული.

მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ახალ საგადასახადო კოდექსზე ბოლო დროს გამართული საჯარო განხილვების შედეგად აშკარა გახდა, რომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის დღგ–ს დაწესებას უარყოფითი გავლენა ექნებოდა სექტორის შემდგომი განვითარებისთვის. 

იმავდროულად, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც 28 ივნისს რამოდენიმე უმაღლესი სასწავლებლის რექტორს შეხვდა, განაცხადა, რომ გადაწყდა, დაიწყოს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის სპეციალური, დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში აპრობირებული, ე.წ. ”ენდაუმენტის” ფონდის (Endowment Fund)  შექმნას გაითვალისწინებს.

უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან არსებული ამ ტიპის ფონდები, ივსება სასწავლო დაწესებულების შემოსავლების ნაწილით, ასევე დონორთა შემოწირულობებით. ამ ტიპის ფონდებში მუდმივად არსებობს გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელსაც უნივერსიტეტი მხოლოდ ისეთ საქმეში იყენებს, რომლიდანაც მოგება შემოსდის და ამ მოგებას შემდეგ ანაწილებს სხვადასხვა მიზნებისთვის, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება, თუ სტუდენტების სასწავლო სტიპენდიებით უზრუნველყოფა.

ზუსტად რა მოდელის იქნება ეს ფონდი და რა პრინციპით იმუშავებს საქართველოში ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ რაც კონკრეტული კანონპროექტი დაიდება.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს.
 
”შეიქნება სამუშაო ჯგუფი, განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების მიერ, რომელიც შეიმუსავებს ენდაუმენტის ფონდების შექმნის კანონპროექტს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ის ფული რომელიც შემოდის უნივერსიტეტებში შემოსავლის სახით იყოს გამოყენებული კონკრეტულად იმისათვის რომ განათლება იყოს უფრო ხელმისაწვდომი,” განაცხადა დიმიტრი შაშკინმა 28 ივნისს.

Civil.Ge © 2001-2017