ბაინდურაშვილი: პრესა არ დაიბეგრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jun.'10 / 18:03

ბეჭდვური მედია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) არ დაიბეგრება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი განიხილებოდა.

მისი განმარტებით, პრესის დაბეგვრის თაობაზე შექმნილი აჟიოტაჟი "გაუგებრობა“ იყო, რაც პროექტში არსებულმა "ხარვეზიანმა“ ჩანაწერმა განაპირობა.

“ჩვენი პრინციპი იყო, რომ არ შევხებოდით ტრადიციულად დაუბეგრავ სექტორებს, მათ შორის პრესას,“– განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ „არაადეკვატური“ გადაწყვეტილება იქნებოდა პრესის დაბეგვრა მაშინ, როცა ამ სფეროდან ბიუჯეტში შემოსული თანხები „ერთი რიგითი კომპანიიდან შემოსავლებზე დაბალია“.

“ჩვენი ამოცანა იყო, რომ კოდექსის სამუშაო ვერსიაზე ყოფილიყო დებატები და მისასალმებელი, რომ ეს დებატები შედგა,“– აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა გადასახადების სახეობებისა და განაკვეთების ზრდაზე მთავრობამ დეკლარირებული უარი განაცხადა, ახალ საგადასახადო კოდექსში „ერთადერთი გზა იყო დასაბეგრი ბაზის გაფართოვება“.

მისი თქმით, ამ კუთხით ძირითადი აქცენტი გაკეთდა მაღალშემოსავლიან და „ჭარბი მოგების“ მქონე დარგებზე, ძირითადად, აქციზური გადასახადების ზრდის კუთხით.

“მაგალითად, საქართველოში ყველაზე დაბალია ალკოჰოლზე აქციზური გადასახადი და მისი ზრდა გადავწყვიტეთ ისე, რომ ფიგურალურად 15–ლარიანი არაყი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 0,5 ლარით. იგივე ეხება აქციზს ტელეკომუნიკაციებზე  – ამ სფეროზე საგადასახადო წნეხი დღეს საშუალოზე ნაკლებია,“– განაცხადა მინისტრმა.

საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად, აქციზის გადასახადი გაორმაგდება ალკოჰოლურ სასმელებზე, კერძოდ: ერთ ლიტრ ეთილის სპირტზე გახდება 2,6 ლარი; სპირტიან სასმელებზე, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით - 4,6 ლარი ერთ ლიტრზე; ვისკი - 5 ლარი; არაყი - 3 ლარი; ლუდი - 0,4 ლარი.

შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი დაიბეგრება 120 ლარით ერთ ტონაზე, ნაცვლად დღეს არსებული 80 ლარისა.

აქციზით დაიბეგრება კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურეობაც. საგადასახადო კოდექსის პროექტში ნათქვამია, რომ ამ მომსახურეობისთვის განაკვეთი 10%-იანი ზღვრული ოდენობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დადგინდება. დასაბეგრ ბრუნვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაწეული კავშირგაბმულობის სატელეფონო ხმოვანი მომსახურების თანხების ჯამი.

საგადასახადო კოდექსის პროექტის თანახმად დღგ-სგან გათავისუფლება აღარ შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რაც დიდი ალბათობით სწავლის საფასურის გაძვირებას გამოიწვევს.

კოდექსის პროექტის გარდამავალ დებულებებში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი საშემოსავლო გადასახადი 2013 წლამდე 20%–იან ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2014 წლამდე 18% გახდება. დღეს მოქმედი გრაფიკით, კი ეს გადასახადი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო და მას 2013 წლისათვის 15%–ისთვის მიეღწია. 

ბაინდურაშვილის თქმით, ამ გრაფიკის გადავადება არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო ხდება და მთავრობა ამით უარს არ ამბობს გადასახადების შემცირების პოლიტიკაზე, “მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურისა და გაერთიანებული საამიროების შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს“.

ფინანსთა მინისტრის თქმით, „ასეულობით შენიშვნა“ არსებობს, რომელთა 70% არის გაზიარებული და საგადასახადო კოდექსის პროექტი პარლამენტში განხილვის პარალელურად კიდევ უფრო დაიხვეწება. 

Civil.Ge © 2001-2017