ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიმართ შენიშვნებია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Jun.'10 / 14:53

პრესის დაბეგვრასთან დაკავშირებულმა დებულებებმა მთავრობის მიერ შეუშავებულ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელთა მწავავე უკმაყოფილება გამოიწვია.

პროექტში, სიტყვიერად ნათქვამია, რომ ჟურნალ–გაზეთები გათავისუფლებულები არიან დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (დღგ) მიწოდების, იმპორტის, ბეჭდვის, რეალიზაციისა და რეკლამის ოპერაციებში, თუმცა არცერთ შესაბამის მუხლში არ არის მითითებული პრესისთვის მინიჭებული სასაქონლე კოდები მაშინ, როცა ამ რეჟიმში მოქცეული სხვა საქონლის კოდების ჩანაწერები არსებობს. 

პრესის წარმომადგენელთა განცხადებით საგადასახადო ორგანოები ანგარიშსწორებისას სწორედ ამ კოდებით ხელმძღვანელობენ და მათ ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლების „ეს საკანონმდებლო ხულიგნობა“ მის მიერ უკონტროლო პრესის ფინანსური მეთოდებით დასჯას ისახავს მიზნად.

თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ 18 ივნისს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით კოდექსის პროექტზე გამართული დისკუსიის დროს ამ პრეტენზიების საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, „ტექნიკური“ შეცდომაა და მას არ „ახსოვს“, რომ მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული პრესასთან მიმართებაში.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა, კატეგორიულად უარყო რომ მთავრობას განზრახული აქვს ბეჭვდითი მედიისთვის რაიმე დამატებითი გადასახადების შემოღება.

”ცალსახად მინდა დაგიდასტუროთ, რომ არანაირი მსგავსი გადაწყვეტილება არ იგეგმება,” - განაცხადა ხუროშვილმა.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, რომელიც ასევე წარმოადგენს პრესის ასოციაციასაც, თუ კოდექსის პროექტში ეს დებულებები უცვლელად დარჩება, ეს ნიშნავს, რომ 2011 წლიდან მასიურად დაიხურება გაზეთები, რადგან პრესა მძიმე საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს. „პირდაპირ მიეღოთ კანონი სათაურით პრესის გაუქმების შესახებ და ყველაფერი ნათელი იქნებოდა,“– აცხადებს ტუღუში და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება.

საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ „რევოლუციურად“ შეაფასა, უკვე ინიცირებულია პარლამენტში და მისი განხილვა ამ ზაფხულს, ხოლო ამოქმედება 2011 წლიდან იგეგმება. უკვე მოხდა მისი პრეზენტაცია ბიზნეს–წრეების წარმომადგენლებთან.

267–გვერდიანი ახალი კოდექსის პროექტი, ფინანსთა სამინისტროს თანახმად, არსებულ დებულებებს 98%–ით ცვლის.

მასში ერთ-ერთი ძირითადი ნოვაციაა მიკრო ბიზნესის კატეგორია. ასეთად შეუძლია დარეგისტრირდეს 30 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას. ამ კატეგორიის ფიზიკური პირები გათავისუფლებულები იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს არ გააჩნია საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. 

კანონპრიექტი ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის კატეგორიას. ასეთად ჩაითვლება ის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვაც 200 ათას ლარზე ნაკლებია. ამ კატეგორიის ბიზნესის შემოსავალი 3%-დან 5%-მდე დაიბეგრება.

შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრით ისარგებლებენ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც შეძლებენ წარმოადგინონ მათი მთლიანი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯებისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.

3%-იანი დაბეგვრით ასევე ისარგებლებენ მცირე ბიზნესის კატეგორიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობენ - აქ იგულისხმება მაგალითად ბაზრობა.

ნაცვლად არსებული ყოველთვიური გადახდის წესისა, გადასახადების დეკლარირება კვარტალურად მოხდება; შეიქმნება საგადასახადო ომბუდსმენის პოსტი, რომელსაც პრემიერ–მინისტრი დანიშნავს; ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო კანონის ორაზროვანი დებულების შემთხვევაში უფლებამოსილი იქნება გადაწყვეტილება გადამხდელის სასარგებლოდ გამოიტანოს; კოდექსში ერთიანდება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა და შესაბამისად, საბაჟო და საგადასახადო ბარათებიც; გათვალისწინებულია პატიოსანი გადამხდელის წახალისების რიგი მექანიზმები.  

ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კოდექსის მიზანია საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის გაზრდა, ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა, საგადასახადო დებულებების ბუნდოვანებების აღმოფხვრა, ადმინისტრირების გაიოლება და მისი ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა.

თუმცა, როგორც ზოგიერთი ექსპერტები მიიჩნევს, ამ „კეთილშობილური“ მიზნების მიღმა, კოდექსი, ზოგიერთ ნაწილში, დღეს არსებულ ნორმებთან შედარებით უარესდება.

I&N Audit-ის წარმომადგენლის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, რომელმაც კოდექსის ექსპერტული ანალიზი გააკეთა, ახალ კოდექსში 98%–ით მხოლოდ მუხლების ნუმერაცია იცვლება და არა მისი კონცეფცია. მისი შეფასებით, პროექტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო პირველხარისხოვან როლს ინარჩუნებს გადამხდელთან შედარებით და ხდება „მოსამართლეც, კანონმდებელიც – ნორმატიულ აქტებს გამოსცემს, გადასახადების ამკრეფიც და აღმასრულებელიც“.

ექსპერტის განცხადებით, კოდექსის პროექტის თანახმად, გადამხდელი სანქციებს ექვემდებარება, მაშინ როცა სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს არ აგებს; საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება აღიარებული დავალიანების ფარგლებში ობიექტიდან ამოიღოს ნაღდი ფულადი სახსრები, 

იმავდროულად, ქონების გადასახადის განაკვეთებს, რომელიც ადგილობრივი გადასახადის კატეგორიას მიეკუთვნება, ადგენს მთავრობა. „ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან იკვეცება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები,“– აცხადებს შავიშვილი.

კოდექსის პროექტში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები უფლებამოსილი არიან, შემოიღონ თავიანთ ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთი, რომელიც ”საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში” იქნება.

შავიშვილის თქმით პროექტში ბევრი ბუნდოვანი და ორმაგი ინტერპრეტაციის მქონე ჩანაწერია, რაც ეწინააღმდეგება მისი გამარტივების დეკლარირებულ მიზანს. მისი თქმით ხელისუფლებამ, არ უნდა იჩქარონ და კოდექსი წარმოდგენილი ფორმით არ უნდა მიიღონ, რათა მასში კვლავ არ გახდეს საჭირო გამუდმებული ცვლილებების შეტანა, როგორც ეს 2004 წელს მიღებულ ახალ საგადასახადო კოდექსში განხორციელდა, დაახლოებით, 700 მუხლთან მიმართებაში. 

პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ბიზნეს–ინტერესების დაცვის საკითხებში ირაკლი პერტაიამ განაცხადა 18 ივნისს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი, მთავრობაში კვლავაც მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შენიშვნებს განიხილავს. მისი თქმით, „არის გარკვეული დრო, რომ პროექტი შეიცვალოს“.

Civil.Ge © 2001-2017