ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.25%–მდე ზრდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jun.'10 / 14:04

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 16 ივნისს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5%–დან 6.25%–მდე გაზარდა, რაც ინფლაციის დაძლევას ისახავს მიზნად.

გასული წლის ნოემბრიდან ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 5%–ზე ინარჩუნებდა.

2010 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4% შეადგინა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

„არსებული პროგნოზებით, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის უცვლელობის პირობებში სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 6%–ს გადააჭარბოს,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ ივნისში ფართო ფულადი აგრეგატის M3–ის წლიურმა ზრდამ 40 პროცენტს გადააჭარბა. ფულის მასის ზრდას, ერთი მხრივ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეკონომიკის დაკრედიტების მზარდი ტემპი განაპირობებს.

„როდესაც ფულადი მასის ასეთი ზრდა შესაბამისობაში არაა ეკონომიკის ზრდის ტემპებთან,  საშუალოვადიან პერიოდში ჩნდება ინფლაციის რისკები,“ – განაცხადა ბანკმა და დასძინა, რომ წინა თვეების მსგავსად, მაისშიც გაღრმავდა საქონლის სავაჭრო დეფიციტი.

ეროვნული ბანკის განცხადებით, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება სავაჭრო დეფიციტის გაღრმავებამ, წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე უფრო ნაკლები ოდენობით კერძო კაპიტალის შემოდინებამ და მსოფლიო ბაზარზე აშშ დოლარის გამყარებამ გამოიწვია. თვის დასაწყისში არსებული 1.78 ლარი/1 აშშ დოლარის კურსიდან ლარის კურსი 17 ივნისის მონაცემებით 1.88 ლარამდე დაეცა. თითქმის ანალოგიური გაცვლითი კურსი (1.875 ლარი/1 აშშ დოლარი) ბოლოს 2004 წლის სექტემბერში დაფიქსირდა

„სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა  პოლიტიკის გამკაცრება,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

 

 

Civil.Ge © 2001-2017