პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Dec.'09 / 19:18

4 დეკემბერს პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტი მიიღო, რომლის ფინანსური აქტივებიც 6.773 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 437 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5.171 მლრდ ლარით; ხარჯები 5.459 მლრდ ლარით განისაზღვრა, ხოლო დეფიციტის ოდენობამ 935 მლნ ლარი შეადგინა. 2010 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გრანტების სახით 462.9 მლნ ლარს მიიღებს.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ბიუჯეტს, რომელმაც განხილვის დაწყებიდან სამჯერ განიცადა ცვლილებები, ”რეალისტური” უწოდა.

მისი თქმით, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2%-ით გაიზრდება და 19 მლრდ ლარს გადააჭარბებს. წელს ეკონომიკური კლება 4%-ს შეადგენს, ნაცვლად დაგეგმილი 9%-იანი ზრდისა. ამასთან, 2010 წელს ინფლაციის 6%-იანი  მაჩვენებელია გათვალისწინებული.

ბაინდურაშვილის თქმით, მომავალი წლის ხარჯვითი პრიორიტეტები ჯანდაცვის, განათლებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროები იქნება.

იმავდროულად, 2010 წელს უწყებების უმეტესობას დაფინანსება შეუმცირდება. საბიუჯეტო თანხები სამინისტროებზე შემდეგნაირად გადანაწილდება (დახრილი გამოსახულება მიუთითებს მატებაზე):

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.592 მლრდ ლარი (2009 წ - 1.534 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 750 მლნ ლარი (2009 წ - 879 მლნ ლარი; 2008 წ - 1.547 მლრდ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 548 მლნ ლარი (2009 წ - 568 მლნ ლარი; 2008 წ - 739 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 301 მლნ ლარი;
  • ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 23.8 მლნ ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 814.8 მლნ ლარი (2009 წ - 869 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 17.8 მლნ ლარი (2009 წ - 57 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 45 მლნ ლარი (2009 წ - 64 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 113.4 მლნ ლარი  (2009 წ - 119 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 66.4 მლნ ლარი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 557.6 მლნ ლარი (2009 წ - 519 მლნ ლარი);
  • კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 81.5 მლნ ლარი (2009 წ - 86 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 53.3 მლნ ლარი;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 28.5 მლნ ლარი (2009 წ - 41 მლნ ლარი);
  • ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 27.8 მლნ ლარი (2009 წ - 62.9 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2009 წ - 1.3 მლნ ლარი); 
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.151 მლნ ლარი (2009 წ - 1.130 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  762 ათასი ლარი (2009 წ - 906 ათასი ლარი).

ბიუჯეტში 25-25 მლნ ლარია გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებისთვის, რომელთა დაფინანსებაც წელს 50-50 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს 16.9 მლნ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მთავრობის კანცელარიის - 7.5 მლნ ლარამდე შემცირდება.

საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს 40 მლნ ლარს მიიღებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე მომავალ წელს 708 მლნ ლარია განსაზღვრული.

მომავალ წელს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას 8.8 მლნ ლარი გამოეყოფა (2009 წელს 10 მლნ ლარი), ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული 5 მილიონის ნაცვლად.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მომავალ წელს 829 მლნ ლარია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისთვის გათვალისწინებული ტრანსფერები, რაც  264.8 მლნ ლარით მეტია წლევანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დეპუტატებმა ოპოზიციიდან ასეთი მკვეთრი მატება იმით ახსნეს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი.

სწორედ ამ მიზეზით, ცენტრალური საარჩევნო კომისიას  მომავალ წელს ხარჯები 37.2 მლნ ლარამდე გაეზრდება; აქედან 6.3 მლნ ლარი პარტიების დაფინანსებისთვისაა განკუთვნილი.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისთვის 1.9 მლნ ლარი გამოიყოფა, ნაცვლად წელს არსებული 2 მლნ ლარის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს 22 მლნ ლარით დაფინანსდება, წელს არსებული 25.5 მლნ ლარის ნაცვლად. უმცირესობიდან დეპუტატების შეკითხვაზე აპირებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ”მე-2 არხის” პოლიტიკურ არხად რეორგანიზაციის მიზნით, ბაინდურაშვილმა უპასუხა, რომ მაუწყებელმა გამოყოფილი ფინანსები უნდა იმყოფინოს აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.

საქართველოს საპატრიარქოს წლევანდელი 25 მლნ ლარიანი დაფინანსება მომავალ წელს 300 ათასი ლარით გაეზრდება.

ბიუჯეტში 2010 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის 287.7 მლნ ლარი, ხოლო საშინაო ვალების დასაფარად 112.4 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საპარლამენტო უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დაასახელა ის, რომ ”არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლად”.

ამასთან, მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების მატება არ არის გათვალისწინებული. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლებას შეახსენეს პრეზიდენტის დაპირება პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდის თაობაზე, მმართველი პარტიის დეპუტატებმა უპასუხეს, რომ ამ დაპირების შესრულება შეუძლებელია შარშანდელი აგვისტოს ომისა და ოპოზიციური საპროტესტო აქციებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო.

 

Civil.Ge © 2001-2017