ევროპელმა ექსპერტებმა 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიება დაასრულეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Aug.'07 / 17:10

ევროპელ ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ანგარიში 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიების მიზნით ექსპერტთა მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 21 აგვისტოს.

18 აგვისტოდან ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტები იძიებდნენ.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში ანგარიში ხელმიუწვდომელი იყო. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის სახელწოდებაა ”ანგარიში  2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებისა და სოფელ წითელუბანთან, საქართველო ამოღებულ რაკეტასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიების შესახებ”.

ეს საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა 21 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ეს მეორე საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც დასავლური სახელმწიფოების ექსპერტებს აერთიანებს. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც რვა წევრი შედიოდა ლატვიიდან, ლიტვიდან, შვედეთიდან და შეერთებული შტატებიდან, 6 აგვისტოს ინციდენტს 12-დან 14 აგვისტოს ჩათვლით იძიებდა, რის შედეგადაც ჯგუფმა დაასკვნა, რომ ამოუცნობი საფრენი აპარატი საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შემოფრინდა, Kh-58 ტიპის ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო და უკანვე გაფრინდა.

16-17 აგვისტოს ინციდენტი დამოუკიდებლად ასევე გამოიძია რუს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა. ჯგუფის დასკვნის თანახმად, არ არსებობს საქართველოს განცხადებებისა და ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნების მხარდამჭერი მტკიცებულებები. რუსმა ექსპერტებმა მიანიშნეს, რომ ინციდენტი დადგმული იყო.

 

Civil.Ge © 2001-2017